Wednesday, February 20, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი




ვუძღვნით საქართველოს სასიქადულო მამულიშვილს            ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს! ”150


            წმინდანობა და ერისკაცობა ისე არავის შეუდუღაბებია და შეუსისხლხორცებია ერთმანეთში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს! ქართველმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ და ქართველმა ერმა ის წმინდანად და ღვთისკაცად შერაცხა 2002 წლის 17 ოქტომბერს.
     ექვთიმე თაყაიშვილის წმინდა სახელი და ღვაწლი დიდი ხნის განმავლობაში იკრძალებოდა საბჭოთა რეჟიმის მიერ. თუმცა ყოველი ნამდვილი ქართველი სულით ატარებდა მის სიყვარულს, თაყვანს ცემდა მის უკვდავ საქმეს და „ჩუმის ნატვრით ნატრობდა“ იმ ბედნიერი დღის გათენებას, როცა მისი სახელი მთელი სიდიადით ამობრწყინდებოდა.
     ექვთიმეს ნაშრომებმა და აღმოჩენებმა დიდი როლი ითამაშეს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიისა და ლინგვისტიკის განვითარებაში. მისი ბრწყინვალე ნაშრომების შეკრება თავის თავზე აიღეს აკაკი შანიძემ, შალვა ამირანაშვილმა, გიორგი ლომთათიძემ, ალექსანდრე ბარამიძემ, რეზო თაბუკაშვილმა და ა.შ. თუმცა წმ. ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილის მეცნიერული მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არაა სათანადო სისრულით და ამომწურავად შესრულებული. ე. თაყაიშვილის დიდ მეცნიერულ მოღვაწეობას რომ თავი დავანებოთ, მარტო მოქალაქეობრივი უმწიკლობაც კმარა, რომ მისი ცხოვრება მისაბაძი იყოს სხვისთვის, რადგან ის, ხალხთა მეგობარი და მეგობრის დამცველი, სინდისიერი მკვლევარი და უანგარო საზოგადო მოღვაწე მაღლა იდგა ცრუ პატრიოტიზმსა და მეგობრობის გამო მიკერძოებისაგან.




ბავშვობა და დაწყებითი განათლება



ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1862წ. 5 იანვარს ქუთაისის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლეხოურში. მამამისი იყო - სიმონ თაყაიშვილი. დედა - ნინო ნაკაშიძე. ყმაწვილს თითქოს ბევრი მზრუნველი ჰყავდა, მაგრამ მან მაინც გამოუსწორებელი მარცხნი იწვნია. ის ცელქი ბავშვი იყო. სამი წლის ასაკში ხეზე ავიდა, გადმოვარდა და მარჯვენა ფეხი მოიტეხა. ამის გამო მას „კოჭლაბუხას“ ეძახდნენ. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმემ მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა. ექვთიმეს სამი დედმამიშვილი ჰყავდა: ლისა, ნიკო და ვარლამი. მამა ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალა, ხოლო დედით იგი ხუთი წლის ასაკში დაობლდა
      7 წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში 1809წ. შეიყვანეს. ოზურგეთში სწავლის დროს ექვთიმე იმდენად ხელმოკლე იყო, რომ სახელმძღვანელო წიგნებიც კი არ ჰქონდა შეძენილი.
      3 წლის შემდეგ ექვთიმემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლის შემდეგ 1876 წ. ექვთიმე ქუთაისის პროგიმნაზიაში შევიდა, რომელიც 1879 წ. 12 ივნისს დაამთავრა. 1883 წ. მაისსა და ივნისში სიმწიფის ატესტატის მისაღებად ჩატარებულ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გამოცდებზე ე. თაყაიშვილმა ბრწყინვალე მომზადება აჩვენა, რასაც მოწმობს 1883 წ. 14 ივნისს გაცემული მისი სიმწიფის ატესტატი. სანიმუშო ყოფაქცევისა და ღრმა ცოდნის გამომჟღავნებისთვის ექვთიმე გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს 1883 წ.  3 ივნისის დადგენილებით დააჯილდოეს ვერცხლის მედლით. საბოლოოდ 1883 წ. ივნისში, ქუთაისის გიმნაზიის წარჩინებით  კურსდამთავრებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა უმაღლესი განათლების მისაღებად გეზი პეტერბურგისკენ აიღო.



 სტუდენტობის წლები




       ასე რომ, ამავე წელს (1883) მან სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1888 წ. დაამთავრა. აქედან დაიწყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული და ღრმა ცოდნით აღჭურვილი, ამასთან,  უმაგალითო ენერგიით აღსავსე ერისკაცისა და ღვთისკაცის - ექვთიმე თაყაიშვილის დიდი პედაგოგიურ - სამეცნიერო და საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოღვაწეობისა და მრავალტანჯული ცხოვრების ეპოქა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.




მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე


  აუცილებელია აღინიშნოს ოჯახი და წრე, რომელშიც ე. თაყაიშვილი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. როცა ექვთიმე პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა და ი. გოგებაშვილთან ცხოვრობდა, ერთი მოწინავე ჯგუფი კვირაობით დ. სარაჯიშვილთან, ხუთშაბათობით კი ი. ჭავჭავაძესთან იკრიბებოდა. როცა დ. ბაქრაძე გარდაიცვალა, ექვთიმე ილიას კრებებზე ხვდებოდა. ზოგჯერ ი. ჭავჭავაძე მას ისტორიულ ფაქტებს ეკითხებოდა. ერთხელ მას ი. გოგებაშვილისთვის ეთქვა: „ხვალ ე. თაყაიშვილი მომგვარეო“. როცა ილიასთან ექვთიმე მივიდა, სუფრა გაშალეს და თაყაიშვილის სადღეგრძელოზე ილიამ თქვა: „სანამდე უნდა იყოს ბატონი თაყაიშვილი ბატონი გოგებაშვილის ბინაზე?! იგი შეირთავს ნინო პოლტორაცკაიას და ოჯახს შექმნისო!“ ეს იყო ამ დღეს ბოლო სადღეგრძელო. მესამე დღეს, შაბათს კი პოლტორაცკაიას ერთ-ერთმა ნათესავმა ექვთიმეს შეუთვალა: არ გნახოთ ამ საქმეზე ჩვენთან მოსული თორემ მეორე ფეხსაც მოგტეხთო! ამის შემდეგ ექვთიმემ ილიას უთხრა: „რატომ გამაბახეთ ბატონო ილია? ის ქალი კოჭლაბუხას ხომ არ იკადრებდაო?!“ ჭავჭავაძემ კი ექვთიმე საპასუხოდ ხუთშაბათს სადილზე დაპატიჟა. მართლაც ესტუმრა იმ დღეს თაყაიშვილი ილიას. მან კი ისევ გაიმეორა: „ბატონი თაყაიშვილი შეირთავს ივანე პოლტურაცკაიას ასულ ნინოს, ჯვარს ოლღა (ილიას მეულე) შეუცვლისო“. ასეც მოხდა. ამ ამბების შემდეგ გიგლა ყიფშიძეს უთქვამს: „ რა იყო, რომ ის ლამაზი და მდიდარი ქალი ინვალიდს შეართეთო“. ილიამ კი უპასუხა: „სხვა ეროვნების კაცს რომ შეერთო, მიწის დიდი ნაკვეთი გვეკარგებოდაო“. მისი დაკარგვა ილიას მართლა არ უნდოდა, რადგან მას სურდა, რომ ქართველი თავადების მიერ გაყიდული მიწები ისევ ქართველებს შეეძინათ, იმიტომ, რომ ის ყველაფერს ეროვნული თვალით ზომავდა. ასე და ამგვარად , ე. თაყაიშვილმა 1895 წ. შეირთო თბილისელი ივანე პოლტორაცკაიას ასული ნინო. მიუხედავად მისი წარმოშობისა, ნინო ყოველთვის აღნიშნავდა: ეროვნებით ქართველი ვარო. როგორც კი ექვთიმემ ნინო შეირთო, გახდა ცოლისდებზე მზრუნველი და მათი ქონების გამგებელი. მან და ნინომ გაზარდეს ივანეს შვილები. ნინო მარტო მათი მამიდა კი არა, დედის მაგიერიც იყო. ისინი ისევ გაბაშვილების სახლში ცხოვრობდნენ. ექვთიმე რომ სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი გახდა, ბინა იქვე ჰქონდა, ზამთრობით მეუღლის ნათესავებიც იქ ჰყავდა. ექვთიმე ცოლის შერთვის შემდეგ ხანგრძლივად მუშაობდა სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად მოძლიერდა.
        ჯერ კიდევ გიმნაზიაში ჰქონდა ისეთი ინტერესები, რომლებსაც შემდეგ თვითონ ემსახურებოდა. იგი თვითონვე აღნიშნავს: „იმჟამად უკვე გარკველი მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი. რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორიისა-არქეოლოგიისთვის, ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად, რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს საქმედ, მაშინ, იმ რწმენით, რომ როდესაც ასეთი მასალა საკმაოდ დაგროვდებოდა, გამოჩნდებოდნენ ჩვენში მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიდგენდნენ საქართველოს ისტორიას, გაგვიშუქებდნენ იმ მართლაცდა, დიდ კულტურას, რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში“. ექვთიმე, ჯერ კიდევ მოწაფე, შემდეგ სტუდენტი, მით უფრო სამშობლოში დაბრუნების დროიდან, ეწეოდა ფართო მასშტაბის საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ამიტომ ი. გოგებაშვილის წინადადებით 1899 წ. იგი აირჩიეს ქართველთა შორის „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრად.
1892  წ. 18 აპრილიდან იყო წევრი ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სარევიზიო კომისიისა და ამავე წელს აირჩიეს სტუდენტთა გამგეობის წევრად. 1894 წლიდან გახლდათ წევრი რუსული არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა. 1908 წ. 21 მაისიდან ის რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი იყო. 1922 წ. 4 თებერვალს კი აირჩიეს ფრანგ ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად.  1929 წ. 5 აგვისტოდან ქართველი მართმადიდებელთა მრევლის საბჭოს წევრი და სხვადასხვა დროს კიდევ რიგი საზოგადოების წევრი.
     1907 წ. ექვთიმემ დაარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოება, რომელიც კისრულობდა განეგრძო „წერა-კითხვის“ და „დრამატულ“ საზოგადოებათა საუკეთესო ტრადიციები და მუშაობა ახალ-ახალი მიმართულებებითაც წამოეწყო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი საქმიანობა 1907-1917 წწ-ში, როცა იგი ფართო ხასიათის საექსპელაციო საქმიანობას აწარმოებდა და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია: მეცნიერული საფუძველი შეუქმნა და სწორი გეზი მისცა საქართველოს მატერიალური კულტურის და ძეგლების მოვლა-პატრონობის, შესწავლა-გამოკვლევის საქმეს. დიდი მუშაობა გასწია ჩვენს სიძველეთა დაცვაში ფართო საზოგადოების აქტიურად ჩაბმისთვის. ის უცხოეთიდან კი ზრუნავდა „საქართველოსსაისტორიო და საეთნოგრაფიო“ საზოგადოების ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე. მან დაბეჯითებით დაავალა თავის უახლოეს მოწაფეს ირ. სონღულაშვილს, საუკეთესო ბიბლიოთეკა, რომელიც ექვთიმემ თბილისში დატოვა, „საისტორიო-საეთნოგრაფიო“ მუზეუმში გადაეტანა კარადებიანად.  „იგიო“, წერს ექვთიმე, - „საზოგადოებას ჰქონდეს მთლიანად, ჩემი ანდერძითაც ის საზოგადოების კუთვნილებაა, რომ დავბრუნდები, მე მას უკან არ გამოვიტან, იქიდან ვისარგებლებ“.


საზღვარგარეთ და ისევ სამშობლოში



              1921 წ. 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამო საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ გაიტანა ბანაკო ვალუტა, ჩვენი ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ. აქვე უნდა აღინიშნოს ამავე საუნჯის დაცვის ერის წინაშე მორალური პასუხისმგებლობის გარდა, მას მატერიალური სიდუხჭირეც ტანჯავდა. ამას იტანდა ექვთიმე, ოღონდ კი შემოქმედებითი მუშაობა განეგრძო.  მეტის მეტყველია ექვთიმესავე 1925 წ. 11 სექტემბრის ბარათი ნ. მარისადმი, რომელშიც ნათქვამია: „სწორედ ტრაგიკული მდგომარეობაა, როცა ვგრძნობ, რომ ბევრი სიცოცხლე აღარ მაქვს და ვეღარ მოვესწრები, ასეთი ჭირ-ვარამით შეკრებილი მასალა გამოვაქვეყნო“.
    1927 წლიდან კი მდგომარეობა გაუარესდა. 1931 წ. კი ნინო 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც ექვთიმესთვის ლახვარი იყო, თუმცა ძლიერმა ბუნებამ და თავისი საქმიანობისადმი დიდმა სიყვარულმა განაპირობა მისი მოძლიერება. სწორედ ამ წლებში, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ქართულ-ფრანგული ლექსიკონი შეადგინა და 55 საერთო რვეული ჩამოიტანა თბილისში. განსაკუთრებით 1935 წლიდან, როცა საფრანგეთის მთავრობა უკვე აღარ სცნობდა წინათ მის მიერვე აღიარებულ საქართველოს მენშევიკურ მთავრობას, ხოლო ჩვენ ეროვნულ განძეულობას კი ლამობდა, ე. თაყაიშვილს მიმოწერა ჰქონდა თბილისთან, ძალ-ღონეს არ იშურებდა, ოღონდ საგანძური საქართველოში დაბრუნებულიყო. თანაც იუწყებოდა: „თქვენთან ატეხილი ხმაური იმის გამო, თითქოს განძი გაგვენიავებინოს, საქმისთვის სახეირო არ იქნება. წაღებული სიძველეები კარგადაა დაცული, ბევრი ნივთიც შევმატეთ სამუზეუმო ფონდს“.
     ე. თაყაიშვილის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო კომისარმა საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ  გ. მგალობლიშვილმა მიმართა მოსკოვში სსრკ-ს სახელმწიფო  ბანკის თავმჯდომარის მოადგილეს, სვანიძეს, მან კი საბჭოთა საელჩოს საფრანგეთში, მაგრამ საუნჯე უკან ვერ დაბრუნდა. თანაც განძის დაკარგვის რამოდენიმე საშიშროება იყო. 1926 წ. ე. თაყაიშვილს აუწყეს აშშ-ის 150 წლისთავისთვის აღსანიშნავად ფილადელფიაში  5 000 000 კაცი დაათვალიერებს და გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ექსპონატები თქვენი დაცული განძეულობიდანო. ექვთიმემ კი უარი შეუთვალა. ასევე უარით გაისტუმრა თაყაიშვილმა ნიუ-იორკის და ბრიტანეთის მუზეუმების წარმომადგენლები.
      განძის საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება ი. სტალინისა და საფრანგეთის მთავრობის მაშინდელი მეთაურის დე გოლის მოსკოვში შეხვედრისას გადაწყდა. დე გოლის განკარგულებით ჩვენი განძეულობა უკლებლივ დაბრუნდა ისე, რომ შენახვის დიდი თანხის გადახდა აღარ მოუთხოვიათ. მაშინ კი განძეულობასა და მის უბადლო მცველს თავ-თავისი ადგილი მოეძებნათ. საუნჯე ქართველ ხალხს 1945 წ. მის მცველ ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად დაუბრუნდა. ამდენი სიდუხჭირის გადატანის შემდეგ ექვთიმე კვლავ ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან თქვა: „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისგან. ამ საქმეს ვემსახურებოდი თითქმის სრული მეოთხედი საუკუნის განმავლობაშიც და მიუხედავად მრავალგვარი გასაჭირისა და იმდენი ხნის ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმისა, შემიძლია ვთქვა, რომ პირნათლად შევასრულე ჩემი მოვალეობა მშობელი ერის წინაშე“.



ისტორიკოსი


           ეპიგრაფიკის ავტორმა ჯერ კიდევ 1918 წ. 21 მაისს ე. თაყაიშვილის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის „პონორის კაუზად“ მინიჭების დროს აღინიშნა: „ამ მეცნიერმა ქართველოლოგიის დარგში გავლო წარუშლელი კვალი. საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის შექმნით მან ხელოვნების მეცნიერების მომავალს მან საუკეთესო პირობები შეუქმნა. ექვთიმემაც იცოდა თავისი ადგილი ქართულ ისტორიოგრაფიაში. მან თქვა: „ჩემი გამოცემები რომ არ ჰქონოდათ საყრდენად, ჩვენი „დიდი მეცნიერებიც“ კი ძალიან ბევრ რამეს ისეთი სისრულით ვერ გააკეთებდნენ, როგორც შეძლესო“.
      ექვთიმეს პირველი ნაშრომი მის მიერ ნათარგმნი „УставДревнехТифлисскогоМузея“არის და ამავე წელს დ. ბაქრაძემ დააარსეს საქართველოს საეკლესიო სიძველეთა საცავი, რომელშიც თაყაიშვილმა ბიბლიოთეკა შექმნა. მან პირველმა გააკვლია, რომ  X ს-ის „მოქცევაი ქართლისაი“-ს ხელნაწერს ვახტანგისეული კომისიის შესავალი თეიმურაზ ბატონიშვილს კი არა, არამედ მეფე ვახტანგ VI-სა და მის კომისიას ეკუთვნის. ცნობილია, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში „დებულება პიტიახშისა და ერისთავის“ იგივეობის შესახებ პირველად ე. თაყაიშვილმა წამოაყენა და მოგვცა პიტიახშთა სახელის საკმაოდ სრული, ფუნქციონალური დახასიათება. თუმცა მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტი „ხელმწიფის კარის გარიგება“ იპოვა. 1920 წ, რომელიც მართლაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ასე დალაგებული და ასე დაწვრილმანებით გაშუქებული სახელმწიფოს წყობილების სურათი, როგორსაც “ხელმწიფის კარის გარიგება“ გვაძლევს, არცერთ ძეგლსა და საბუთში არაა.
     ექვთიმე თაყაიშვილი იმ მხრივაც განსაკუთრებული მოღვაწეა, რომ არცერთ მეცნიერს იმდენი ჩანაწერი არ მოუპოვებია და არ წაუკითხავს, ქორონიკონი არ აუხსნია და ქრონოლოგიური ტაბულები არ შეუდგენია, რამდენიც  ე. თაყაიშვილმა შეძლო. აგრეთვე პედაგოგიურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობის მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ე. თაყაიშვილის მიერ 1900 წელს „საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის მოყვარულთა წრის“ დაარსება.





 არქეოლოგი


როგორც ბევრ სხვა დარგში, ე.თაყაიშვილს არქეოლოგიაშიც მიუძღვის წვლილი. ის ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც კინტრიშის ხეობა შეისწავლა არქეოლოგიურად და სათანადო შეფასებაც შეძლო. ექვთიმეს ამ დარგში ნ. მარი მაშინაც კი უმაგრებდა ზურგს, როცა ის ავტორიტეტული არქეოლოგი გახდა. ის 1903 წ. დაარსებული „თბილისის საარქეოლოგიო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა მარიმ. თავმჯდომარე კი თავად იყო.
       1896 წ. კი ექვთიმემ კოლხეთის ნაქალაქარში დაიწყო არქეოლოგიური გათხრების წარმოება მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების დავალებით. იქ მან შვიდ ადგილას ტრანშეებში თიხის ჭურჭეულობა იპოვა. აგრეთვე აღმოაჩინა ქვის კედლის ნანგრევები, ლისიმაქეს ვერცხლის ფული, „კოლხური თეთრი“-ს მონეტა, ვერცხლისა და სპილენძის რომაული ფულები, არწივის ბრინჯაოს ქანდაკება, ოქროს სამაჯური, ტყვიის ფილები და სხვა ნივთები.
      1902 წ. თაყაიშვილმა მცხეთაში ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, რკინიგზის სადგურიდან დასავლეთით 3კმ-ზე. გარდა მუშების მიერ გათხრილი 25 ქვის სამარხისა, 53 თაყაიშვილმა გათხარა და ქვითკირის შენობას, საღვინე ქვევრებსა და სხვათა ნაშთებს მიაგნო. ე. თაყაიშვილის ერთ-ერთი დიდი დამსახურებათაგანია 1908 წ. გამოვლენილი ახალგორის განძის გადარჩენა, რომელსაც საფუძვლიანად უწოდებს იგი სწორუპოვარსა და სრულთავგადასავლიანს. მაშინ ახალგორის სადგურთან გზის გაყვანისთვის მიწის თხრისას აღმოაჩინა ადრინდელი ანტიკური ხანის მდიდარი
 ქალის საფლავი.



ეთნოგრაფი

          ე. თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებული საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის შემდეგ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეთნოგრაფიის განვითარებაშიც. მაგ.: სწორედ ექვთიმემ განმარტა პირველად სიტყვა „ბრძნა“. ეს ტაბუს ნიშნავს. მისი ჩარევით მიღებული მაშინდელი მთავრობის 1918წლის 9აგვისტოს დადგენილებით გაუქმდა „ კავკასიის, სარქეოლოგიო საზოგადოება“ და ამავე მთავრობის 1928წ. 11ნოემბრის დადგენილებით ქონება გადაეცა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებას.
 ეპიგრაფიკოსი


 
ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული, გამოქვეყნებული მასალების მიხედვით შესაძლებლად მიგვაჩნია, დავასკვნათ: „მან პირველმა ჩააყენა ისტორიული მეცნიერების სამსახურში ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლთა მაქსიმალური რაოდენობა. თუ მანამდე ამ ძვირფას და უტყუარ მასალას ქართველ ოტორთაგან ცოტა ვინმე იყენებდა, ექვთიმეს წყალობით იგი ხელიდან მოუცილებელ მასალად იქცა საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის. შეიძლება ითქვას, ე. თაყაიშვილს ბევრ სხვა დარგშიც რომ არ ემოღვაწა, მისი სახელი ამ დარგითაც შეინახებოდა ქართველოლოგიაში.



ნუმიზმატი


         საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების არსებობის 10 წლის თავზე, 1917 წ. თავის საანგარიშო მოხსენებაში ე. თაყაიშვილმა აღნიშნა: „ჩვენი ქართული ფულების კოლექცია ახლა ერთ-ერთი უკეთესია ცნობილთა შორის“. მას კი საფუძვლად დაედო  ი. ს. მიხვედევისგან შესყიდული კოლექცია, მიემატა ამაზე არანაკლები კოლექციები. თვითონ ექვთიმესა და კირიონ V-სა, რომელნიც მათ უფასოდ გადასცეს საზოგადოებას. ამ კოლექციის ექსპონატები უკვე 1917 წ. იყო კლასიფიცირებული „დროთა, მეფობათა და დინასტიათა“ მიხედვით. ის 3883 ერთეულს შეადგენდა.
       ე. თაყაიშვილის ღვაწლი ნუმიზმატიკის მასალების მოპოვებაში კირიონ V-ის გამოკლებით. ყველაზე დიდია და ამავე მასალის შესწავლაშიც პირველთაგანი.



ფილოლოგი



              ე. თაყაიშვილი ამბობდა: „როცა ყველა ქართული ხელნაწერი შეიკრიბება და მათი აღწერა-გამოცემა დასრულდება, ეს მასალა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს, მისი მახლობელი ქვეყნები ისტორიულ-ლიტერატურული საკითხების გაშუქებასაც და გაარკვევს მათი გავლენის ხარისხს საქართველოზე“. ექვთიმემ 1895 წ. გამოაქვეყნა „ სიბრძნე ბალავარისა“. მან გამოსცა აგრეთვე მწერლის-იასა ტალაშაძის „კათალიკოს-ბაქარიონი“, რომელშიც აღწერილია XVIII ს-ის I ნახევრის საქართველო. მან 1908 წ. გააცნო საზოგადოებას „ბარამგურიანის“ ხელნაწერი, თუმცა ამ ხელნაწერს თავსა და ბოლოში ნაწერების ნაწილები აკლია.
      აგრეთვე ექვთიმეს დამსახურებაა“ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების შეგროვება და გამოცემა.




  გარდაცვალება



      დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ე. თაყაიშვილი 1953 წ. 11 თებერვალს გარდაიცვალა. ის ვაკის სასაფლაოზე, ქართველ მეცნიერთა განსასვენებელში დაკრძალეს, თუმცა 10 წლის შემდეგ დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. ქართველმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ და ქართველმა ერმა ის წმინდანად და ღვთისკაცად შერაცხა 2002 წლის 17 ოქტომბერს.
      ექვთიმეს თავის ტვინი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრასთან არსებულ მუზეუმშია დაცული, სადაც ქართველ მოღვაწეთა ტვინთა სავანეა: ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ფალიაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, შალვა დადიანი . . .
      კათედრის გამგე, პროფესორმა თამარ დეკანოიძემ ექვთიმეს ტვინი ასე დაახასიათა: „მიუხედავად ზოგიერთი შესამჩნევი ცვლილებებისა, მხცოვან მეცნიერს თავის ტვინის სისხლით კვება ნორმაში ჰქონდაო“.
        აქედან გამომდინარე, ექვთიმეს ტვინს არ ემჩნევა ასაკობრივი ცვლილებები, მიუხედავად იმ ტიტანური შრომისა, რაც მან სიცოცხლეში გასწია, და თუ ბატონი ექვთიმე სიცოცხლის ბოლო წლებში მაინც ხანდაზმულ კაცს ჰგავდა, ბაირონის სიტყვებით რომ ვთქვათ იგი „დაბერდა დიდთა საქმეთაგან და არა წლებით“.
       ქართველი ერის მეჭურჭლეთუხუცესი იცოცხლებს, ვიდრე მის მიერ გაწეული შრომის, გადარჩენილი განძეული თუნდაც რამდენიმე ნივთის მხილველი და დამფასებელი იარსებებს .



                              16 იანვარს "ექვთიმობას" აღნიშნავენ                                 
2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა.
ექვთიმე თაყაიშვილი მიჩნეულია ქართული კულტურის საგანძურის უანგარო მცველად და ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილად, რომელმაც სამშობლოს შესწირა თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე.


No comments:

Post a Comment